ქართული სახელმწიფოსა და სამართლის კულტურა და დემოკრატიული ღირებულებები (c) ანა აკოფოვა



გ ე გ მ ა :

1) შესავალი
2) დემოკრატიული ღირებულებები ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ასპეკტში
3) მოკლე ისტორიული ექსკურსი
4) რა არის დემოკრატია
5) დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ გზაზე
6) დასკვნა

1. შესავალი

დემოკრატია ბერძნული სიტყვაა δήμος (დემოს) ხალხს და κράτος (კრატოს) კანონს, ძალას ნიშნავს. ეს არის სახელმწიფოს მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება ხალხს, ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით.
ცნობილია რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში იშვა ძ.წ. V საუკუნეში. თუმცა ჯონ კენის აზრით დემოკრატია საბერძნეთამდე ძ.წ. III ათასწლეულში შექმნილა შუმერებში. ამის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ტერმინი დემოკრატია პირველად ჰეროდოტესთან გვხვდება და მაშინ თანასწორობის სინონიმად გამოიყენებოდა. დემოკრატიის წარმოშობაზე რაც არ უნდა ბევრი ვიდავოთ ფაქტი ის არის რომ მას, ერთი კონკრეტული ავტორი არ ყავს და დღემდე ითვლება ყველაზე დიდ გამოგონებად. “დემოკრატია ადამიანური ოცნებებიდან იშვა და ეს ოცნება ეხლაც ბატონობს ახდენილი თუ აუხდენელი.”
უძველესი დროიდან მოყოლებული დემოკრატიის მნიშვნელობა გამუდმებით იცვლებოდა. გამოყოფენ მის სამ ტიპს: 1. ყველაზე არქაული, საკრებულოს ანუ ათენის დემოკრატია; 2. წარმომადგენლობითი დემოკრატია. როდესაც X საუკუნიდან დემოკრატია ახალ ისტორიულ ფაზაში გადავიდა; 3. მონიტორინგის დემოკრატია, რომელიც 1945 წლის შემდეგ იშვა. სწორედ ამის შემდეგ იქცა დემოკრატია უნივერსალურ ღირებულებად.
ვფიქრობთ არ ღირს- დავა იმაზე, რომ დემოკრატიას, როგორც სახელმწიფო მართვის ფორმას, აქვს გარკვეული ხარვეზები და დილემები. თუმცა იგი არის ყველაზე მისაღები მმართველობის ფორმა, რაც კი კაცობრიობამ გამოიარა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის, ინდივიდის უფლებების დაცვაზე. იგი არის საუკეთესო ბალანსის საშუალება და შემაკავებელი მექანიზმი ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ამიტომაც იქცა ამოსავალ და საყრდენ ძალად სახელმწიფოებისათვის, მიიღო უნივერსალური ხასიათი და გვევლინება რეალურად ღირებულ და შეიძლება ითქვას ფასდაუდებელ მმართველობის ფორმად.
მსოფლიოს არაერთი განვითარებული სახელმწიფო ემხრობა ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის ფორმას, ვინაიდან დემოკრატია ამ ქვეყნებისათვის არის სახელმწიფოებრიობის გარანტი. არაერთი განვითარებადი სახელმწიფო ცდილობს ააშენოს დემოკრატია და ამისათვის ძალ-ღონეს არ იშურებს. იგი იქცა იდეალად და მსოფლიო ხალხები ამ სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში ერთიანდებიან.
საქართველო არის დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აქტუალობის მხრივ ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, მსჯელობასა და შესწავლას.
მოტივი თემაზე მუშაობისა სწორედ ის არის რომ ნათელი გახდეს საზოგადოებისათვის დემოკრატიული ღირებულებების მიმართება ქართულ კულტურასთან და პირიქით.
ჩვენი უპირველესი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ურთიერთ კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქართულ კულტურასა და დემოკრატიას როგორც უნივერსალურ ღირებულებას. ამის ცოდნა არა თუ სასურველი და საინტერესოა, არამედ აუცილებელია ნებისმიერი ქართველისათვის.

2. დემოკრატიული ღირებულებები ქართული სახელმწიფოსა და სამართლის ასპეკტში

რამდენადაც ცნობილია დემოკრატია სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთთან უწყვეტ, ჯაჭვურ კავშირში განიხილება. ისინი გარკვეულწილად მოიცავენ და ავსებენ ერთმანეთს. სამწუხაროდ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ: “ეს ცნებები არ წარმოადგენს ეროვნულ ღირებულებას და უცხოა ქართული კულტურისათვის. ისინი იძულებით თავსმოხვეულად მიიჩნევა და საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.” თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული კულტურის, ქართული სამართლის ძეგლებში დემოკრატიული ღირებულებები ყოველთვის შეინიშნებოდა და ეს არ არის ხმამაღალი ან გადაჭარბებული ნათქვამი, ვინაიდან ასეთი ფაქტები მრავლადაა ქართულ კულტურაში და ჩვენ შევეცდებით არგუმენტად მოვიყვანოთ ზოგიერთი მათგანი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლური ღირებულებები სავსებითაც არ არის უცხო ქართული კულტურისათვის. დემოკრატია და დემოკრატიული ღირებულებები წარმოუდგენელია ადამიანის უფლებების გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი განმტკიცებული და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და სხვა საყოველთაო სამართლებრივ აქტებში, ამიტომ მოვიყვანთ ქართული სამართლის ისტორიიდან მაგალითებს. საინტერესოა რომ საქართველოში, მაშინ როდესაც პატრონყმობის ინსტიტუტი მოქმედებდა, პატრონებს არ ჰქონდათ თავიანთი ყმების გასამართლების უფლება, ისინი სამეფო სასამართლოს ექვემდებარებოდნენ, განსხვავებით დასავლეთ ევროპის პატრონისა და ფეოდალებისაგან. ამ შემთხვევაში სახეზეა ჯერ კიდევ იმდროინდელ საქართველოში კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული სასამართლო რეფორმა, რომელიც პროგრესული და წარმატებული ნაბიჯი იყო. რეფორმა გულისხმობდა _ “სააჯო კარს,” რომელიც უმაღლესი სასამართლო ინსტანცია იყო და ხელმძღვანელობდა ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესი. სასამართლო ყველასათვის ღია იყო ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ქვედა დონის სასამართლო გადაწყვეტილებით. ვინაიდან დემოკრატიის უმთავრესი გამოვლინება სასამართლო ხელისუფლების არსებობა და გამართულობაა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “სააჯო კარი” დემოკრატიული ღირებულებაა.
თამარის ეპოქაში არსებობდა დარბაზობა დიდი და დარბაზობა მცირე, რომელიც თანამედროვე პარლამენტის ანალოგად შეიძლება განვიხილოთ, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტია. ცნობილია, რომ პირველი პარლამენტი XIII საუკუნის ბოლოს ინგლისში შეიქმნა. აქვე შეიძლება ავღნიშნოთ ყურთუ ასლანის კარავი, რომელიც განვითარების შემთხვევაში პირველი პარლამენტის უფრო დახვეწილი ფორმა იქნებოდა. ეს ყოველივე და მათ შორი თამარ მეფის მიერ სიკვდილით დასჯის გაუქმება ხაზს უსვამს ქართველი ერის დემოკრატიისაკენ სწრაფვას.
ქართული სამართლის ძეგლებში დიდი ყურადღება ექცევა მოსამართლეთა მიუკერძოებლობას, პატიოსნებას, არაკორუმპირებულობას, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებასა და რაც მთავარია შეჯიბრებითობას, რასაც მოწმობს ვახტანგ ბატონიშვილის სამართლის წიგნის 3-ე მუხლი, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 8-ე მუხლს.
ამავე დეკლარაციის 7-ე მუხლს რომელშიც საუბარია კანონის წინაშე თანასწორობასა და კანონის უზენაისობაზე, პასუხობს ვახტანგ ბატონიშვილის წესი განაჩენის შედგენის შესახებ: “და ვერა ეს მოსამართლენი, თუ არა ამ წიგნში წერებულს, სხვა მოგონებულს ვერ გააჩენენ”. ეს წესი ითვალისწინებს, რომ მოსამართლეს პირის მიმართ განაჩენის გამოტანისას მიეთითებინა კონკრეტული მუხლი რომლითაც იხელმძღვანელა.
ასევე მნიშვნელოვანია ბასილ ზარზმელის: ”ცხოვრება სერაპიონ ზარზმელისა,” ამ თხზულებიდან ჩანს რომ მე-10 ს-ის საქართველოში საკუთრების უფლების ინსტიტუტი უკვე ჩამოყალიბებული იყო.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ისტორიული ფაქტია, რომელიც მოწმობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების არსებობაზე. მართალია საქართველო არ ყოფილა კლასიკური გაგებით დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ უდავოდ გაგვაჩნდა დემოკრატიის ნიშნები და ელემენტები.
ვფიქრობთ, არანაკლებ საინტერესოა გადავხედოთ ქართულ ლიტერატურას დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით, ამასთან დაკავშირებით საინტერესო ნაშრომს გვთავაზობს ლევან ბერძენიშვილი: “ადამიანის უფლებები ქართულ ლიტერატურაში.”
ნაშრომის ავტორი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების შედარებით ანალიზს აკეთებს, მაგალითად დეკლარაციის პირველი მუხლი და “ძმობა” ქართულ ლიტერატურაში, რომლის უნიკალურ მაგალითადაც “ვეფხისტყაოსანს” განიხილავს, სადაც ძმობის და მეგობრობის ხატად ავთანდილი გვევლინება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მეორე მუხლი რომელიც ეხება თანასწორობას, სადაც დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება 1959 წელს მოხდა, ქართულ ლიტერატურაში კერ კიდევ 12-ე საუკუნეში გვხვდება (და არა მარტო ლიტერატურაში). ამას მოწმობს “ვეფხისტყაოსნის”: “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია,” “თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღვთისა დანაბადია,” “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია.” ასეთი მაგალითები ბევრია და ვიტყოდით საამაყოც, რომ კაცისა და ქალის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში თანასწორია. რაც შეეხება სიცოცხლის უფლებას,რომელიც განმტკიცებულია დეკლარაციის მე-3 მუხლში, ქართველი ერისთვის ყოველთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენდა,ამას ადასტურებს ილია ჭავჭავაძის არა მხოლოდ ნაწარმოები “სახრჩობელაზედ” არამედ მის მიერ რუსეთის სახელმწიფო საბჭოში სიკვდილით დასჯის გაუქმების მოთხოვნის წამოყენება. აღსანიშნავია, რომ ილის შემოქმედება სწორედ მაგალითია დემოკრატიული ღირებულებებისა,ეს კი მიუთითებს ქართველი ერის სიმდიდრეზე ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით.
ლევან ბერძენიშვილი თავის ნაშრომში ასევე მსჯელობს, მონობაზეც,როგორც დეკლარაციის მე-4 მუხლის ანალიზზე და იმის მაგალითად, რომ მონები მიუხეავად სტატუსისა არ იმყოფებოდნენ გარიყულ მდგომარეობაში, მოჰყავს “ვეფხისტყაოსნიდან”, როცა ავთანდილი ადრეძს ტოვებს, რომ თუ ის დაიღუპა, თავისი ქონებით მონები გაენთავისუფლებინა როსტევანს.
დაბოლოს, დეკლარაციის მესამე მუხლს, რომელიც ეხება თავისუფლებას, პასუხობს ბარათაშვილის “ბედი ქართლისა” , სადაც სოლომონ ლიონიძე მეფეს ეუბნება:
“მაგრამ შენ მეფევ, ვინ მოგცა ნება-
სხვას განუბოძო შენ ყმათ ცხოვრება
მისდევდე შენსა გულის კვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას.”
მნიშვნელოვანიაის, რომ მეფისა და სოლომონის კამათში, სადავო სწორედ თავისუფლება, როგორც ერის ამოსავალი და მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
ქართულ ლიტერატურაში ადამიანის თავისუფლებაზე, როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს ფასეულობაზე და არამარტო მასზე, საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში, ზემოთმოყვანილ მაგალითებს დავჯერდებით, ისინი სრულად ასახავენ იმ რეალობას, რომელიც ქართულ სინამდვილეში გვხვდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დემოკრატია ქართველი ერისათვის არ არის უცხო.

3. მოკლე ისტორიული ექსკურსი

ქართულ კულტურაზე საუბრის შემდგომ, რომელიც მდიდარია ცალკეული დემოკრატიული ფასეულობებით, იბადება კითხვა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ? _ დავიწყოთ იქედან, რომ მხოლოდ დემოკრატიის ზოგიერთი ნიშნის არსებობა არ არის საკმარისი იმისათვის რომ სახელმწიფო იყოს დემოკრატიული. რაც შეეხება საქართველოს სინამდვილეს, არავისთვის არ არის უცხო, რომ ქართველი ადამიანი ბუნებით თავისუფლების მოყვარეა, დემოკრატიის უმთავრესი ღირებულება კი ადამიანის თავისუფლების და უფლების უზრუნველყოფაა. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ამოსავალი და განმსაზღვრელი ფაქტორი. შესაბამისად ქართველი ერი, ყოველთვის, ისტორიული განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე ავლენდა დემოკრატიული ფასეულობისაკენ მისწრაფებას, თუმცა გარედან მომართული ძალების გამანადგურებელი იერიში აბრკოლებდა ამ სწრაფვას და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ 1921 წელი, როდესაც შეიქმნა პირველი კონსტიტუცია, აღსანიშნავია რომ ეს კონსტიტუცია სრულად შეესაბამებოდა დემოკრატიის თანამედროვე სტანდარტებს. ეს იყო ქართველი ხალხის მიერ დასახული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისათვის ლტოლვის გეზი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა და ტოტალიტარულ რეჟიმში მოაქცია საქართველო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ყველაზე მნიშვნელოვანს ქართველ ხალხში, ეს არის დემოკრატიული აზროვნების შეცვლა და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი თავისუფლებაზე ოცნებაც კი იკრძალებოდა.
დღეს არსებული ვითარება, ის რომ დემოკრატია სრულ კრიზისს განიცდის საქართველოში, სწორედ მის მიერ განვლილი ისტორიით და არაერთი პოლიტიკური შეცდომითაა განპირობებული. იმისათვის რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, უმთავრესი როლი და ძალა სწორედ საზოგადოების დემოკრატიული აზროვნება და ცნობიერებაა რომელიც თითქმის აღარ არის საქართველოში.

4. რა არის დემოკრატია

ცნობილია რომ არსებობს დემოკრატია ფართო და ვიწრო გაგებით. პირველ შემთხვევაში უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილია ხალხი. ამ ძალაუფლებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისუფალი, სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნების გზით მის მიერ არჩეული წარმომადგენლობის მეშვეობით.
ხოლო ვიწრო გაგებით დემოკრატია არის, როდესაც პოლიტიკურ პარტიებად ორგანიზებულ ინდივიდებს და მათ ჯგუფებს შორის რეგულარული ინტერვალებით შეჯიბრის რეალური არსებობა ძალაუფლების მოსაპოვებლად და თანამდებობის დასაკავებლად, წინასწარ დაგეგმილი, საყოველთაოდ აღიარებული პროცედურების შესაბამისად.
დემოკრატიის დროს ძალაუფლება უნდა გადაეცეს რეალურ ადამიანებს. სამართლებრივი თვალსაზრისით დემოკრატია ეყრდნობა სამართლებრივი ნორმების სისტემას, რომელიც აგებულია კანონის უზენაესობის, ხელისუფლებათა გამიჯვნის და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის პრინციპებზე, რომლებიც კონსტიტუციებშია ჩამოყალიბებული და ახდენენ ხელისუფლებათა საქმიანობის რეგლამენტირებას. აქედან გამომდინარე დემოკრატიული სახელმწიფო პასუხისმგებელია თითოეული ინდივიდის წინაშე.
ჩვენი აზრით დემოკრატია არ არის მხოლოდ კანონის უზენაისობა. ვთვლით რომ დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება ჯაჭვურ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან, ერთ-ერთის არ არსებობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დემოკრატიას როგორც თავისთავად ღირებულებას და სამწუხაროდ ასეთი რეალობა არსებობს საქართველოში, რაზეც უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
დემოკრატია სახეზეა თუ კი არსებობს: საჯარო ინსტიტუტების მისაწვდომობა და ღიაობა ყველა მოქალაქისათვის, მათი საქმიანობის გამჭვირვალობა, საჯარო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება საქმიანობის ეფექტურობის შესახებ და მათი არაკორუმპირებულობა.
ამასთან დემოკრატიამ არ შეიძლება იარსებოს სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას არ შეუძლია იარსებოს მოსახლეობის გარეშე. ამ უკანასკნელზე კი შეიძლება ითქვას, რომ იგი არის წყარო ამა თუ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულობისა, ვინაიდან მოქალაქეების სამართლებრივი კულტურა აშენებს სახელმწიფოს თავისუფლების პირობებში. იმისათვის რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ამისათვის მხოლოდ ფასადური დემოკრატია არ კმარა, არამედ თითოეული მოქალაქე უნდა აზროვნებდეს დემოკრატიულად და იყოს მოწოდებული ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო დაფუძნებული მათივე, ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე.
ის ფაქტი, რომ არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია ქართველ ერს და საქართველოს, არ უნდა ვაქციოთ დაუძლეველ დაბრკოლებად და მუდმივად თავის მართლების საშუალებად დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაშვებულ შეცდომებისას.

5. დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ გზაზე

არ არსებობს სახელმწიფო მმართველობის, წყობის ან პოლიტიკური რეჟიმის იდეალური ფორმა. მათ შორის არც დემოკრატიაა სრულყოფილი. თუმცა საუკეთესოა იმ ხუთ ფორმაციასთან შედარებით, რაც კაცობრიობამ განვლო თავისი არსებობის ხანგრძლივ პერიოდში.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო ილტვის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისაკენ, თუმცა სინამდვილეა და ვერ ვუარყოფთ, რომ მისი სწრაფვა ჯერ კიდევ სწრაფვად რჩება, ეს კი იმიტომ, რომ პერიოდულად არჩევნების ჩატარება, ან კიდევ დემოკრატიული საკანონმდებლო ბაზის არსებობა არ განაპირობებს სახელმწიფოს დემოკრატიულობას, ვინაიდან კანონი, მათ შორის კონსტიტუციაც ფარატინა ქაღალდზე დაწერილ ნორმად რჩება, თუ მას რეალური აღმსრულება და პრაქტიკაში გამოყენება აკლია.
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა. იგი ერთის მხრივ უზრუნველყოფს საზოგადოებაში სხვა და სხვა გაერთიანებების, პოლიტიკური კავშირების, მედიის საშუალებათა თავისუფალ კონკურენციას, რაც პიროვნების თავისუფლების, მისი შესაძლებლობების რეალურ აღიარებას უკავშირდება. მეორეს მხრივ საზოგადოების თავისუფალი დემოკრატიული განვითარება სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება.
ამდენად დემოკრატიის განვითარება შესაძლებელია დემოკრატიული თამაშის წესების, თავილუფალი კონკურენციის არსებობის პირობებში და მხოლოდ კანონის უზენაესობის ფარგლებში.
უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ აზროვნებას, ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება არის ის საზოგადოება რომელიც სხვა ინდივიდუალური აზროვნებისათვის ყოველთვის ღიაა. ე.წ. ჩაკეტილი საზოგადოება თავისუფალი აზრის და მსჯელობის დათრგუნვის, მოსპობის საშუალებაა.
საქართველოში რომ დემოკრატია კრიზისს განიცდის ამაზე მგონი არავინ დავობს. იგი რეალობისაგან მოწყვეტით არსებობს, დაწერილი იდეების სახით.
დღეს საქართველოსთვის დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდ და ხელის შემშლელ გარემოებას კორუფცია წარმოადგენს, ვიანიდან იგი საფუძველს აცლის სახელმწიფო ძლიერებას. ამიტომ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია კორუფციული წესრიგიდან სამართლებრივზე გადასვლა. იმისათვის რომ კორუფცია აღმოიფხრას საჭიროა არსებობდეს ხელისუფლების ინიციატივა და სახელმწიფოს კეთილი ნება. ხელისუფლების მიერ სამართლის უზენაისობის აღიარება და თვითშეზღუდვა, კორუფციული წესრიგის დამხობის ერთადერთი გზაა.
კორუფციასთან მიბმულია კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სიღარიბე ჰქვია. საზოგადოების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და სოციალურად დაუცველია, რაც იძულებულს ხდის მათ, იყვნენ დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ მიცემულ მცირედ დახმარებაზე, ეს კი სწორედ კორუფციული წესრიგის გაგრძელებაა და ამ გაგრძელებას, მე ვიტყოდი, ყველაზე საშინელი შედეგის მომტანი დასასრული აქვს და ეს არის საზოგადოების აზროვნების და მოტივაციის დათრგუნვა, რაც მათ პასიურ მდგომარეობაში ამყოფებს, დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვან ელემენტს კი სწორედ აქტიური საზოგადოება წარმოადგენს.

6. დასკვნა

საქართველოში გამუდმებით გაისმის, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თუმცა ამისათვის რეალურად გადადგმული ნაბიჯები ჯერ არავის უნახავს. ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ყველაფერი ფასადურ ხასიათს ატარებს. არც ერთი რეფორმა, რომელიც ამ კუთხით გატარდა, არ აღმოჩნდა რეალური და მდგომარეობის შემცვლელი. ეს იმიტომ ხდება, რომ დემოკრატია მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი, ხელისუფლება, რომელიც სამართალს არ ემორჩილება, ვერასოდეს ვერ განაცხადებს პრეტენზიას საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე.
დემოკრატიის დილემებზე საუბრისას ნათელი გახდა რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. იგი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორისაა განთავსებული, ანუ სახეზეა ნეოპატრიმონიალური მმართველობის ფორმა. დემოკრატიულ მმართველობას ძირითადად დეკორაციული ხასიათი აქვს.
მიიჩნევა რომ ნეოპატრიმონიალური სახელმწიფო ინსტიტუტების რეალურ საფუძველს კლიენტელიზმი განსაზღვრავს, ანუ როდესაც არ არსებობს პოლიტიკური ელიტა და ურთიერთობები საბაზრო დონეზეა დაყვანილი.
მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვთვლი, რომ ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი მაინც საზოგადოებიდან მომდინარეობს. ხალხს მკვეთრაად შეუძლია შეცვალოს არსებული ვითარება.
დღეს ქართულ საზოგადოებას ეშინია უფლებებისათვის ბრძოლა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ნურასოდეს იფიქრებენ რომ ბრძოლას არ ააქვს აზრი, რადგან თუ ყველა ხმას აიმაღლებს, თუნდაც მათ მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე, ეს იქნება სიგნალი ხელისუფლებისათვის, რომ ხალხი აკონტროლებს მათ, რაც წარმოშობს მათ ანგარიშვალდებულებას მოსახლეობის წინაშე.
სამოქალაო საზოგადოების ჩამოყალიბება, სამართლებრივი კულტურის განვითარება, შექმნის რეალური დემოკრატიის საფუძველს.
და ბოლოს, დემოკრატიის ინსტიტუტების, კერძოდ, ხელისუფლების დანაწილება და არჩევნების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება არ არის საკმარისი დემოკრატიისათვის. პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება რეალურად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან და იყოს დამოუკიდებელი. ამასთან დემოკრატიის დონეს ამა თუ იმ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება განსაზღვრავს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ მეოთხე ხელისუფლებას.
თუ გვსურს შევაფასოთ ქვეყანაში დემოკრატია არ არის საჭირო გავსინჯოთ “სახურავი,” ვინაიდან მთავარი “საძირკველია.” ამ შემთხვევაში “საძირკველი” საზოგადოების დემოკრატიისათვის მზადყოფნაა. შეფასებისათვის საკმარისია დავაკვირდეთ ერთ-ერთ თვითმმართველ ქალაქს ან მუნიციპალიტეტს და იგი ყველაფერს იტყვის ქვეყნის დემოკრატიაზე, ვინაიდან დემოკრატია ხალხის უფლებაა, თუ ეს უფლება დაცულია მაშინ ნაბიჯი გადადგმულია.
დასასრულს აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქვეყნების განსხვავება კულტურული თუ სხვა თვალსაზრისით, განაპირობებს დემოკრატიის და მისი საფუძვლების განსხვავებასაც, ამიტომ ერთი სახელმწიფოს დემოკრატია არ უნდა იქმნებოდეს მეორეს ანალოგზე და ამის ნათელი მაგალითია ამერიკა, სადაც დემოკრატიის იდეა დაემყარა თანასწორობას, თანასწორობა კი იქ გულისხმობდა თეთრკანინთა და შავკანიანთა სამართლებრივ თანასწორობას, რაც თავისთავად არ გვაქვს საქართველოში, ამიტომ დემოკრატია მისი კლასიკური და ჩამოყალიბებული ფორმისა მაინც უნდა ერგებოდეს სახელმწიფოს და არა პირიქით. შესაბამისად სახელმწიფო, ამ შემთხვევაში საქართველო, სხვა სახელმწიფოს დემოკრატიას კი არ უნდა იმეორებდეს და აქართულებდეს, არამედ მისას უნდა ქმნიდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. “უცხო სიტყვათა ლექსიკონი” _ თბილისი 1998 წ
2. “იურიდიული ლექსიკონი” _ აშუშანაშვილი თბილისი 2004 წ
3. “ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის” _
ევროსაბჭოს საინფორმაციო ბიურო 2004 წ
4. “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები” _ ბათუმი 2003 წ
5. “რა არის დემოკრატია” _ ბიძინა სავანელი
6. “ამერიკული დემოკრატია” _ ჯენეტ ჯანდა, ჯეფერ ბერი, ჯერი გოლდმენი
თბილისი 1995 წ
7. “ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა” _ ავტორთა კოლექტივი
თბილისი 2004 წ
8. “თანამედროვე დიდი დემოკრატიები” _ ფილიპ ლოვო 1990 წ
9. “საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია” _ ოთარ
გოგოლიშვილი, ბესიკ ბერიძე
10. “სტატიების კრებული დემოკრატიაზე” თბილისი 2005 წ
11. საძიებო სისტემები: http://www.Google.com http://www.mail.ru http://www.rambler.ru
http://www.yandex.ru

ავტორი ანა აკოფოვა

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: