წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედება


ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს.
აქ მოთხრობილი სასწაული ჩკალოვის 84-ში მოხდა.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!“ გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!“

ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს – ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა.

როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა – უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ – დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!“ ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.

მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩამოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული“. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

მღვდელმონაზონი სერაფიმე

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?“

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქმედი ნიკოლოზი).

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში (128 დღე), თვით აღდგომამდე, რომელიც იმ წელს უწევდა 23 აპრილს (6 მაისს ახალი სტილით).

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღალი ძახილით დაიწყო მოწოდება: „ილოცეთ!“ ღამის გუშაგებმა ვერ აიტანეს მისი საცოდაობა და ჩაეკითხნენ: „ასეთი ხმით რად ყვირიხარ?“ და მიიღეს პასუხად: „საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება. ილოცეთ!“

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი: მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა. ზოია ჩააწვინეს ლოგინში, მაგრამ ის განუწყვეტლივ ყველას უხმობდა და ითხოვდა ელოცათ ცოდვებით აღვსილი სამყაროსათვის, უკანონობაში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.

– რით არსებობდი ამ ხნის განმავლობაში? – ეკითხებოდნენ მას. – ვინ გასაზრდოებდა?

– მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს, – პასუხობდა ზოია, რითაც ცხადლივ გვეუწყება, რომ შეწყალება და პატიება მოდიოდა თვით უფლის შემოქმედი მარჯვენისგან. უფალმა მიუტევა მას ცოდვები, ღვთის წმიდა სათნომყოფლის, ყოვლადმოწყალე ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მეოხმყოფლობითა და უმძიმესი განსაცდელის, 128 დღის მანძილზე ფეხზე დგომის საზღაურად.

მომხდარმა ფაქტმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც ესმოდა ზოიას ყვირილი და ვედრება – ელოცათ ცოდვებში მყოფი ადამიანებისათვის, ირწმუნეს ღმერთი. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებელნი ეკლესიებში მიიჩქაროდნენ აღსარების სათქმელად; ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება – იმდენად დიდი იყო ახლადმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასათვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.

შიშითა და თვალზე მომდგარი ცრემლებით თხოვდა ხალხი ღმერთს საკუთარი ცოდვების შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: „საშინელება ხდება. დედამიწა იწვის, ცოდვებში ვიღუპებით. ილოცეთ. ადამიანები უკანონობის შედეგად წარწყმდებიან.“

აღდგომის მესამე დღეს ზოიას სული მიიღო უფალმა – აღესრულა მხევალი ღვთისა, რომელმაც თავისი მძიმე ცოდვები 128 დღის ფეხზე დგომით გამოისყიდა. სულიწმიდა იფარავდა მისი სულის არსებობას, აღადგინა იგი მომაკვდინებელ ცოდვებისაგან, რათა მომავლის, ყოველთა ცხოველთა და მკვდართა მარადიული აღდგენის დღეს აღედგინა იგი სხეულით მარადიული სიცოცხლისათვის, რამეთუ თვით სახელი ზოია ნიშნავს სიცოცხლეს.

ამინ

წყარო: http://www.miracle.ge

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Funny Science

Exiting Things about Tech and Science

Emsheka's Blog

თავისუფალი ბლოგი.. :)

%d bloggers like this: